სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს
ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს.
როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეუჩერდეს თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება, პოლიტიკური იქნება, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
„ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დადგება, რომ ან ამ გზას დაადგეს და მისი უმრავლესობა აიძულოს, ხელმეორედ მიიღონ უპრეცედენტო სამარცხვინო გადაწყვეტილება, როგორიც ერთხელ უკვე მიიღეს, ან ნიკა მელიას შესაძლებლობა მისცეს, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. ხელისუფლებას ვურჩევდი, მეორე გადაწყვეტილება მიიღოს, მელიას საქმიანობაში ნუ ჩაერევა, რადგან ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ზურაბ ადეიშვილს კი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.