სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი უნდა მონაწილეობდეს
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი უნდა მონაწილეობდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მედიის კითხვაზე საპასუხოდ გამოეხმაურა ელჩების მოწოდებებს, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი უნდა გაიმართოს.

სამადაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არიან, თუმცა მან კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს.

„ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა კონსულტაციებში, რომელიც გაიმართა. იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის პირადად ნათელი იყო, არანაირი შედეგი ამ შეხვედრიდან არ იქნებოდა, ამ შეხვედრის ფორმატი უცნაური იყო. ეს აჩვენებს სწორედ იმას, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებები არ უნდა იყოს მოლაპარაკებებისთვის. ანუ, შედეგისკენ უნდა იყოს მიმართული“ ,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებებში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა მონაწილეობდეს.

„შედეგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა იღებდეს“ ,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა დღეს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით და მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესს.