„საკვების დაბინძურება შესაძლოა, ტრანსპორტირების დროს ან ოჯახშიც მოხდეს“
საკვების კონტამინაცია (დაბინძურება) შესაძლოა, ყველა ეტაპზე მოხდეს – ტრანსპორტირების დროს, ოჯახში, როცა ელემენტარული ჰიგიენური ნორმის დაცვა არ ხდება და საკვები სწორად არ მზადდება, – ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ასე რომ, ყოველთვის მწარმოებლისგან დაუცველი არ ვართ. პრევენციისთვის ვიტყვი, რომ ძალიან ხშირია ინდივიდუალურ პედიატრთან მომართვიანობა ბინაზე ჰიგიენის ნორმების დაუცველობის გამო, როცა ბავშვის საკვების მომზადების წინ არ ხდება ხელის დაბანა, ბოთლის კარგად გარეცხვა და ა.შ. ასევე, მშობლებმა უნდა დაიცვან შენახვის წესები, რადგან შენახვის წესის დარღვევით საკვების კონტამინირება ხდება, რამაც შესაძლოა, დაავადება გამოიწვიოს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა ქნან მოქალაქეებმა, რომელთაც ევროპროდუქციის ყიდვის საშუალება არ აქვთ, მაია ხერხეულიძემ განაცხადა, რომ ბავშვთა კვების პროდუქტი ბაზარზე ისე ვერ შევა, თუ ის საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
„ბავშვთა კვების უსაფრთხოებას თავისი სტანდარტი აქვს. არსებობს ე.წ კოდექს ალიმენტარიუსი, რომლის მიხედვითაც, არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვთა კვების პროდუქტი როგორი ტიპის ქვეყანაში იწარმოება. თუ პროდუქტი ბაზარზე შემოდის, მას აბსოლუტურად ნორმირებული შემადგენლობა აქვს, რაც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პედიატრმა.
მაია ხერხეულიძემ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალის განათლება მოხდეს.
„როცა ძუძუთი კვების პროგრამის სულისჩამდგმელი, ქეთევან ნემსაძე ამ მიმართულებით მუშაობდა და სამშობიარო სახლების პერსონალის განათლება მიდიოდა, ძუძუთი კვების სიხშირე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მერე, როცა სწავლების მექანიზმი მოიშალა. როცა ქვეყანაში ძუძუთი კვების ხელშეწყობის პოლიტიკაზე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ, სამედიცინო პერსონალის განათლება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა მაია ხერხეულიძემ.