მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში, სადაც ბანკების მიერ კრედიტების გაცემა შეზღუდულია.
„ეს არის ინოვაციური მექანიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის. ძალიან მაღალი მოლოდინი მაქვს, რომ ეს დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ნაბიჯის მომზადებაში და დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი გახდება მომავალ წლებში მთავარი ლოკომოტივი იმისა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გავზარდოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერს თქმით, მთლიან ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდით შეიძლება მხოლოდ ყველაზე მტკივნეული გამოწვევის, სიღარიბის დამარცხება.