ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო საკრებულოს სხდომა დროებით შეჩერებულია.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ 2020 წლის არჩევნების პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, გლდანის რაიონში ხდებოდა მოსახლეობის დაშინება და მოსყიდვა.
ეძგვერაძის განცხადებას გლდანის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის პროტესტი მოჰყვა, რაც ჯერ – სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვითარების განმუხტვის მიზნით, ამ დროისთვის სხდომა შეჩერებულია. დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის გამოც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, დღეს კენჭი უნდა ეყაროს როგორც თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, ასევე გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების სრულად დაფინანსების საკითხს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.