საკრებულოს ოპოზიცია კომისიების გაერთიანებული სხდომის ფორმატსა და დროს აპროტესტებს
საკრებულოს ოპოზიცია კომისიების გაერთიანებული სხდომის ფორმატსა და დროს აპროტესტებს. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით უმრავლესობა რეალურ პრობლემებს აკნინებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია სხდომას დაესწრება და მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეკითხვებს დასვამს.
„გაკვირვებული ვარ ისეთ ელემენტარულ კითხვებს სვამენ მერიის ჩინოვნიკები. თურმე არ იციან, რა პირობები უნდა ჩაიდოს ტექნიკურ დავალებაში, როგორ უნდა მომზადდეს პროექტი, ამაზე პასუხები თუ არ არსებობს, მაშინ ძალიან ცუდი ჩინოვნიკები ხართ. არ შეიძლება დაიხარაჯოს ფული და მერე ეს ყველაფერი თავზე დაგვენგრეს“, – განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევას დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე 19:00 საათზე განიხილავენ.
მეტროსადგურში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.