საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა
ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ და უზრუნველყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა. აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.
საკოორდინაციო საბჭომ კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ამ კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ. აღინიშნა, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, თუმცა ამის უპირველესი წინაპირობა ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა – ის უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება.
ამასთან, აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ვაქცინების შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ამასთან, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, რომელიც შესაბამის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარების ეტაპებს განსაზღვრავს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 239 780 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 226 215 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 796 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 506 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 929 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.