საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე „გირჩის“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იმსჯელებს, რამდენად კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს – 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს, მარიხუანის მოხმარებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. მათი მტკიცებით, აღნიშნული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს.
„მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო მიჰყვება იმავე ლოგიკას, რა ლოგიკაც გამოიყენა გასული წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა განმეორებით მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარებაზე 500 ლარიანი ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდება. სხვა რა ლოგიკა შეიძლება, განავითაროს სასამართლომ, ჩემთვის წარმოუდგენელია“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა და დააკმაყოფილა მოსარჩელე გივი შანიძის სარჩელი, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას სწორედ „გირჩი“ უწევდა.