საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკანორ მელიას სარჩელს განიხილავს.

ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. დადგენილება მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობისას, ანუ როცა მას სასამართლოს ყველა ინსტანცია ცნობს დამნაშავედ. საქართველოს პარლამენტმა მას კი უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა.

ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით, დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაირღვა მისი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.