საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ სარჩელის, კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ სარჩელის, კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ უკვე მეორე სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო, რომელიც საქართველოში საგანგებო სიტუაციის შემოღებას უკავშირდება. ამჯერად „გირჩი“ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელში კომენდანტის საათის შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები.

მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა კი, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების დარღვევას.

მოსარჩელის განცხადებით ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილებასთან ერთად მუშაობის უფლებაც, რაც შეიძლება უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე პანდემია.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდში პირთა ნებისმიერი ფორმით გადაადგილების აკრძალვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აშკარად არათანაზომიერი საშუალებაა და შესაძლებელი იყო, შემუშავებულიყო უსაფრთხო გადაადგილების სპეციალური წესები და გადაადგილება მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი დამცავი საშუალებების გამოყენებით.

ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, დღის იმ მონაკვეთის შემცირება, რომლის განმავლობაშიც პირებს გარეთ გასვლა შეუძლიათ, ავტომატურად ზრდის რისკს, რომ ერთსა და იმავე დროს გარეთ უფრო მეტი ადამიანი მოიყრის თავს და გაიზრდება მათი კონტაქტის ალბათობა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით „გირჩმა“ სამი სარჩელი შეიტანა. ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო რეჟიმის შემოღებასთან და კომენდანტის საათთან დაკავშირებით სასამართლომ სარჩელები წარმოებაში მიიღო, მსუბუქ ავტომანქანებში მსხდომთა სამ პირამდე შემცირების რეგულაციასთან დაკავშირებული სარჩელი კი-არა.