საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სარჩელი განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სარჩელი განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სარჩელი განსახილველად მიიღო. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში შესაძლოა, სქემაში ჩართვა სავალდებულო აღარ იყოს.

საუბარია ედუარდ მარიკაშვილის და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე.

მოსარჩელე სადავო ნორმების მოქმედების დროებით შეჩერებასაც ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი დააფიქსირა. იმერლიშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს უნდა შეეჩერებინა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც დამსაქმებლის 2-პროცენტიან შენატანს ითვალისწინებს.

„მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსარჩელე დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის სახით გაღებული ფინანსური ხარჯის უკან დაბრუნების მექანიზმს. ამდენად, არსებობს მისი საკუთრების უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე“, – აღნიშნავს იმერლიშვილი.

სარჩელს სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს, რომელშიც თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე და თამაზ ცაბუტაშვილი შედიან.