საკონკურსო კომისიამ დავით აღმაშენებლის შესახებ მხატვრული ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია და რეჟისორს რეკომენდაციები წარუდგინა
საკონკურსო კომისიამ დავით აღმაშენებლის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით, მომდევნო ეტაპისთვის ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია და რეჟისორს რეკომენდაციები წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2021 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, გამოცხადდა კონკურსი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით. კონკურსის მეორე ეტაპზე გასულმა სამმა კონკურსანტმა, კულტურის სამინისტროში წარადგინა დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენტი) და ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია.
სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 17 მარტს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამი პროექტიდან შეირჩა ერთ-ერთი.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს.
ეს პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი – შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები – გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი – კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები – ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი – ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი – ფედონ პაპამიქაელი.
საკონკურსო კომისიის წევრები, რომელთაც კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს, არიან: კომისიის თავმჯდომარე – კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კონკურსის პირველ ეტაპზე, უწყებაში შევიდა 10 განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით: სინოფსისი, რეჟისორის ხედვა, პროდიუსერის ხედვა. საკონკურსო პირობების შესაბამისად, კომისიამ მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია სამი პროექტი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული თითოეული კონკურსანტი დაფინანსდა 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ეროვნულ ვალუტაში და, დებულების შესაბამისად, სამივემ წარმოადგინა დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენტი) და ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია.
თითოეული პროექტის ქულობრივ შეფასებამდე, კომისიამ ცალ-ცალკე მოუსმინა კონკურსანტებს და იმსჯელა წარმოდგენილი განაცხადების თაობაზე, მათ შესაბამისობაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზნებთან და საკონკურსო პირობებთან. კომისიამ შეაფასა კონკურსის მსვლელობის პროცესში კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, კერძოდ, სცენარის შემდგომი განვითარება დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, სცენარის განვითარებაში ისტორიკოსების ჩართვა და თითოეულ სცენარში მთავარი გზავნილის მკაფიოდ წარმოჩენა.
სამ კონკურსანტს შორის შერჩეული პროექტის ავტორი, კონკურსის დებულების შესაბამისად, აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე. შემდეგი ეტაპისთვის, რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა უნდა გაითვალისწინოს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები:
ა) სცენარის შემდგომი განვითარება გაგრძელდეს დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, რათა დაცულ იქნეს ისტორიული ჩარჩო, ხოლო პერსონაჟების ისტორიულ-ფსიქოლოგიური ტიპაჟები იყოს რეალურობასთან მაქსიმალურად მიახლოებული;
ბ) დავით აღმაშენებლის პიროვნების უფრო ფართოდ გაშლა და მისი ეპოქის გეოპოლიტიკური, რეგიონალური კონტექსტის მეტად წინ წამოწევა.
„კონკურსის მესამე ეტაპზე, სამი თვის ვადაში, შერჩეული პროექტის ავტორმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსია (რისთვისაც იგი ფინანსდება 7 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში), რომელსაც კვლავ განიხილავს საკონკურსო კომისია.
კომისიის მსჯელობის შემდეგ, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა მეოთხე ეტაპის სამუშაოებისათვის, რომლის ფარგლებში მოხდება სცენარის დასრულება.
სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.