სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ლარსზე მოძრაობის წესები იცვლება
ლარსზე საერთაშორისო გადამზიდავების მოძრაობა იცვლება. ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვარზე გატარების ცვლილება 23 მაისამდე იმოქმედებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ცვლილება რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება.
„13 მარტიდან 23 მაისამდე ყაზბეგი/დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე, კომუნიკაციების გამოცვლის და მოძრაობის წესში ცვლილებების შეტანის გამო, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს, საბაჟო-გამშვები პუნქტები იმუშავებს რევერსულ რეჟიმში სასაზღვრო გამტარი ზოლების 11-იდან ექვს ზოლამდე შემცირებით“, – ნათქვამია სახმელეთო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.