სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სახელმწიფოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით შექნილი კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოგვიტანს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელი საწარმო არის კერძო და საჯარო სექტორის, ასევე USAID-ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, რაც მიემართება ადგილობრივი ფერმერების გაძლიერების, სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებისაკენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შპს Nuts Processing-მა საწარმოს შესაქმნელად 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია; კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. საწარმოს წარმადობა 600 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შიდა ბაზარზე ხორციელდება, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
მათივე ცნობით, გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი 15 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსება 7.1 მლნ ლარს აღემატება.