სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა.

სააგენტოში წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ გამართა.

შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის (ბარნაჰუსის) გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, დასრულდა ჩვილ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქმნება ოჯახის გარემოზე და თემზე დაფუძნებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურეობები.

მერი მაღლაფერიძემ ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაც შეაჯამა. ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე. აღნიშნულ კამპანიაში ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გაერთიანდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ერთობლივი ღონისძიებები გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცებაა, რომლის შემუშავებაზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით გაიმართა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.