სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ორი წლის საქმიანობა შეაჯამა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ორი წლის საქმიანობა შეაჯამა

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ გასული ორი წლის განმავლობაში სააგენტოში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის (ბარნაჰუსის) გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე.

მიწვეულ სტუმრებს პროექტის „ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ მიღწევები World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის და პარტნიორებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია მგელიაშვილმა გააცნო.

პროექტის მიზნებთან ერთად მთავარი აქცენტი გაკეთდა ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.

როგორც აღინიშნა, პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა რიგი აქტივობები საქართველოში ბავშვთა უფლებების კოდექსის განხორციელების მხარდასაჭერად, ამასთანავე ჩამოაყალიბა ბავშვთა დაცვის დეპარტამენტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, შეიმუშავა სხვადასხვა სასწავლო მოდული, გადაამზადა 316 მიმღები მშობელი, მოამზადა 130 მუნიციპალური სოციალური მუშაკი და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 250 სოციალური მუშაკი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება World Vision საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ხორციელდება და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებასა და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ ხარისხი იმ სერვისების, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ყველაზე მოწყვლად კატეგორიას, ეს იქნება მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუ ხანდაზმულები.

მეორე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ევალებოდა, ხანდაზმულთა პანსიონებსა და ბავშვთა სახლებში კოვიდის პრევენციას და მართვას ეხებოდა, რაც წარმატებით განხორციელდა ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით. გვსურს, შევქმნათ ისეთი სისტემა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მაქსიმალურად სწრაფი და მყისიერი რეაგირება მოქალაქის საჭიროებებზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მერი მაღლაფერიძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში.

„2020 წელს ჩამოყალიბდა ზრუნვის სააგენტო, რათა ზოგადად ზრუნვის სისტემა მეტად განვითარდეს და სერვისებიც ეფექტურად მართოს. ეფექტურად განხორციელდა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, რათა ბავშვების უსაფრთხოება იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ასევე, სააგენტომ შეიმუშავა 24-საათიანი რეაგირების მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, რათა დროულად მიიღონ მათთვის აუცილებელი მომსახურებები. სოციალური მუშაობის მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც გულისხმობს პროფესიული სტანდარტების დახვეწას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, სუიციდის ინსტრუმენტი და სხვა. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, მომავალ კვირებში დაგეგმილია კოჯრის ბავშვთა სახლის დახურვა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებით ჩანაცვლება, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები განთავსდებიან“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

ამასთან, World Vision საქართველოს პროექტის მენეჯერის, მაია მგელიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ ითვალისწინებს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მოგვარებას.

„ჩვენი მთავარი მიზანია სისტემური რეფორმის განხორციელება, როგორიცაა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების ჩანაცვლება ალტერნატიული ზრუნვის სერვისებით, სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი სასწავლო მოდულების შემუშავება და გადამზადება. World Vision საქართველო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მომავალშიც გეგმავს ბავშვთა კეთილდღეობისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას საქართველოში“, – განაცხადა მაია მგელიაშვილმა.

შემაჯამებელ შეხვედრას სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.