სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პარლამენტში უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ასევე შეჯამებულია გასული წლის ძირითადი საფრთხეები და გამოწვევები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ მიზანს ქვეყნის წინაშე არსებული შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენის, პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების გზით, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ქვეყანაში უსაფრთხო, სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უკავშირდება.

„2020 წელს საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების აქტიურობა კვლავ მთავარი გამოწვევა იყო. დაფიქსირდა ფარული ოპერაციების, კიბერშესაძლებლობებისა და ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობა პოლიტიკური, სამხედრო, სოციალურ- ეკონომიკური, იდეოლოგიური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ რუსული ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ადგილზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები წარმოადგენს.

„შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა აფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ხელყოფს როგორც საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.

რეგიონში განვითარებულმა პროცესებმა გავლენა მოახდინა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებული გამოწვევა იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული საბრძოლო მოქმედებები. შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეების უსაფრთხო თანაცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ არსებითად შეცვალა მსოფლიო მასშტაბის პროცესები.

„ჯანდაცვის სისტემების, სოციალური სფეროს, ეკონომიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის გარდა, პანდემიამ გავლენა იქონია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზეც, როგორებიცაა ეროვნული და გლობალური უსაფრთხოება. საქართველოსთვის, ისევე, როგორც დასავლეთის არაერთი სახელმწიფოსთვის, მზარდ საფრთხედ იკვეთება ცალკეული ქვეყნების მიერ „ჰიბრიდული ომის“ წარმოების შესაძლებლობების განვითარება. „ჰიბრიდული ომის“ მრავალმხრივი გამოხატულებისა და უსაფრთხოების გარემოს სწრაფი ცვალებადობის გათვალისწინებით, მისგან მომდინარე საფრთხეები რთულად პროგნოზირებადია და მოიცავს სახელმწიფო მმართველობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა ასპექტს.

ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის არსებობა, საინფორმაციო სივრცისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კიბერსადაზვერვო ოპერაციებისა და კიბერშეტევებისგან დაცვა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს კვლავ აქტუალური იყო ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეები.

„ამასთან, ყველასთვის ცნობილი ტერორისტული იდეოლოგიების პარალელურად, გაძლიერდა ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმიდან მომდინარე გამოწვევები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით, მოქმედებს კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და თანაზომიერების პრინციპით.

ამასთანავე, სამსახურის ძალისხმევა მიმართულია ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ადამიანური რესურსის გაძლიერებისკენ. აქტიურად ინერგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომები. ასევე, პრიორიტეტულია მოსახლეობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია.

სამსახურმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების ექსპერტებსა და ამ სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოჩნდა, როგორც მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების არქიტექტურაში. აღნიშნული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი სახელმწიფოების კოლეგა უწყებებთან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ანგარიშში ხაზს უსვამს სამსახურის თანამშრომლების როლს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო სამსახურის თითოეული თანამშრომლის როლი სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. სხვადასხვა მიმართულებით არსებული საფრთხეებისგან ქვეყნის ეფექტიანად დასაცავად, სამსახურის თანამშრომლები, რიგ შემთხვევებში, საკუთარი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ფასად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, რაც უმეტესწილად მაღალი სირთულის, კომპლექსური ამოცანების განხორციელებას უკავშირდებოდა. აღნიშნულ პროცესში ჩვენი თანამშრომლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა“, – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.