სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - უწყება ერთადერთია რეგიონში, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა შესაბამისობის სერტიფიცირება და მისი საქმიანობა უკვე შეესაბამება ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.
„eIDAS რეგულაციასა და ETSI სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტის წარმატებით გავლის შემდეგ სააგენტომ დააკმაყოფილა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის აუცილებელი პირობები, რითიც დაადასტურა, რომ მის მიერ მიწოდებული სერვისები სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს. აუდიტი ჩაატარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებულმა შესაბამისობის დამოუკიდებელმა შემფასებელმა ორგანომ (CAB) – QSCert-მა.
eIDAS რეგულაცია განსაზღვრავს ელექტრონული იდენტიფიკაციის, სანდო და კვალიფიციური მომსახურების წესებს, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. სააგენტოს სერტიფიცირება და ქართული კანონმდებლობის eIDAS-ის რეგულაციასთან შესაბამისობა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოვონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები“,- აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.