სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო თამარ კორძაიას ბრალდებას სიცრუეს უწოდებს
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პასუხობს ბლოკის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის, თამარ კორძაიას მიერ მედიაში გავრცელებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, დამკვირვებლებმა გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხმის მიცემის ფაქტი აღმოაჩინეს, სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
„სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემით არის შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი – ჯიქური.
გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.
იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.