საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 000 მ2 და 3 000 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში 94 000 ლარს შეადგენს.
გამოძიების მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მიყენებული ზიანი 36 000 ლარის ოდენობით სრულად იქნა ანაზღაურებული.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.