სახელმწიფო ქონების მოიჯარეებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო ვალდებულებების შესრულებაზე გარკვეული შეღავათები მიენიჭებათ
სახელმწიფო ქონების მოიჯარეებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო ვალდებულებების შესრულებაზე გარკვეული შეღავათები მიენიჭებათ.
შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონში შედის, რომლის ინიცირება დღეს მთავრობის სხდომაზე მოხდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თუნავამ იმედი გამოთქვა, რომ საკანონდებლო ცვლილებას პარლამენტი მალე დაამტკიცებს.
„დავაინიცირეთ მთავრობაში და იმედი გაქვს, პარლამენტი სწრაფად განიხილავს „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომლის თანახმადაც მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, პანდემიიდან, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონებაზე, რომელიც განკარგულია ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მათ შორის იჯარით გაცემულ სახელმწიფო ქონებაზე, ხელშეკრულებებში შესრულებაში თუ კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი, დაერიცხა პირგასამტეხლო და ა.შ, შევძლოთ, რომ ვაპატიოთ პირგასამტეხლოები ან გადავუვადოთ გადახდის ვადები, ანუ შევუმსუბუქოთ ვალდებულებების შესრულება, რაც სახელმწიფო ქონების იჯარით აღების ან პრივატიზების დროს კერძო სუბიექტს ეკისრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღების შემთხვევაში.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია, დასტურდებოდეს, რომ პრობლემები პანდემიითა და მასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობით არის გამოწვეული.
„აღნიშნული შეღავათები იქნება ვადებში ჩაკეტილი, ვინაიდან ეს არის სწორედ ამ გლობალურ გამოწვევასთან დაკავშირებული პრობლემები და მთავრობა ძალიან სამართლიანად და გამჭვირვალედ მიანიჭებს ყველა ასეთ იურიდიულ პირს გარკვეულ შვებას, შეღავათს. წინასწარი ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღების შემთხვევაში სულ 900-მდე სუბიექტია, ვისაც პრობლემები შეექმნა იჯარის გადახდაში, ასევე 20-ზე მეტი სუბიექტი, ვისაც საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულებაში შეექმნა პრობლემა პანდემიის დროს. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ვალდებულებები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.