სახელმწიფო მინისტრის აპარატი - საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნებისა და მათი შედეგების ლეგიტიმურობას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და მათი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის პირობებში, ის ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ასობით ათასი გამოდევნილი პირი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ხოლო ადგილზე გრძელდება დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, რაც გამოიხატება სიცოცხლის ხელყოფით, ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით და სხვა უკანონო ქმედებებით“, – ნათქვამია განცხადეებაში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს.
„უმთავრეს პრიორიტეტად რჩება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზება, ასევე ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავება. სწორედ ამას ემსახურება შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: ამჟამინდელი დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ალექსანდრე პლიევი.