სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგ, 25-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც მიმდინარე წლის 20 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად იქნა მიღებული.

ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ანგარიშში ასახულია 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა.

„ანგარიშში აღნიშნულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, როგორიც არის სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე, ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას უკანონო დაკავებაზე, ასევე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შედეგად გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გარდაცვალების ფაქტზე.

ამასთან, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა პროგრესის მიღწევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა, ასევე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევა და პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარება. ამასთან, აღნიშნულია ევროპის საბჭოს როლი და ჩართულობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა მუდმივად დგას საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.