„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ - სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება
„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ - სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება, – ამის შესახებ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ტენდერი 2019 წლის პირველ თებერვალს დასრულდა უარყოფითი შედეგით და გამოცხადდა განმეორებითი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, აღნიშნული პროცესი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე უარყოფითად არ ასახულა, ვინაიდან წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ისე გაგრძელდა, რომ კვებით მომარაგების წყვეტას, ადგილი არ ჰქონია.

უწყება განმარტავს, რომ 6 თებერვლის ჩათვლით მიწოდება ხორცილედებოდა კომპანიის მიერ SPA180005561 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რის შემდეგაც გამარტივებული შესყიდვის წესით (ნებართვა SMP190000741) გაფორმდა ხელშკრულება.

„სწორედ აღნიშნული პროცედურებით დასტურდება თავდაცვის ძალების კვებითი უზრუნველყოფის უწყვეტობა, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტით.

გაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტები შესყიდვებთან დაკავშირებით სიახლეს არ წარმოადგენს და ადრეც მომხდარა, თუმცა ეს ჯარზე არასდროს უარყოფითად არ ასახულა.

ბოლოს, გვსურს ყველას მოვუწოდოთ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგი უგულავამ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუწოდა, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შესახებ ბრძანება გააუქმოს. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში ჩაიშალა ტენდერები, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სურსათით მომარაგებისთვის იყო აუცილებელი და ამით სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტი კვებით მომარაგება საფრთხის ქვეშ დადგა.