სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო დღეს ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

საუბარია ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო 2021 წლის 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები – ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. ასევე, ხდება მოწმეთა იდენტიფიცირება მათი გამოკითხვისა და მათთან სხვა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

დღესვე, დაინიშნება სამედიცინო ექსპერტიზა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

უწყების ცნობით, რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

„შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი – 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“, – აღნიშნულია განცხადებაში.