ლონდა თოლორაია - რეფორმა, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა, ჩემი სახლში წასვლის მიზანს ემსახურებოდა და არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას
ლონდა თოლორაია - რეფორმა, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა, ჩემი სახლში წასვლის მიზანს ემსახურებოდა და არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ლონდა თოლორაია სტუმრებს ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ესაუბრა, რაც მისი განცხადებით, მათ შორის გამოიხატებოდა ადამიანური რესურსების და თანამშრომლობის ნაკლებობაში.

„საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იყვნენ სამსახურის მხარდამჭერები, მისი ინსტიტუციონალური გაძლიერების პროცესში და ამ სექტორმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება. მე მათ უნდა გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩავაბარო ანგარიში. სამსახური ვითარდებოდა და მანდ მოიპოვა საზოგადოების ნდობა, ნდობის ის ხარისხი, რომლის მოპოვებაც ჩვენ შევძელით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომელიც ამ სამსახურის წინაშე იდგა, პირველი ეს არის საკანონმდებლო გამოწვევები, რომელთა მოგვარების მიზნით ჩვენ მივმართეთ დეკემბერში პარლამენტს, რომ გაძლიერებულიყო ამ სამსახურის ბერკეტები და მექანიზმები, თუმცა როგორც იცით, ამ კანონის ნაცვლად მიღებული იქნა სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონდა ბევრი პრაქტიკული გამოწვევა, ეს გამოწვევა იყო თანამშრომლობის ნაკლებობა, მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში თანამშრომლობის ნაკლებობა და ასევე ამ სამსახურის ფინანსური და ადამიანური რესურსები“, – განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმით, რეფორმა, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა, მისი სახლში წასვლის მიზანს ემსახურებოდა და არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებას.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტს არ მოუსმენია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში, რომელიც ზუსტად იმ პერიოდს შეეხებოდა, როდესაც ამ ორმა ფუნქციამ ერთად იარსება 2020 წელს, იმ პირობებში, როდესაც სამსახურისთვის არ დასმულა არც ერთი კითხვა, როგორ არსებობდა ეს ორი ფუნქცია ერთად და ქმნიდა თუ არა რაიმე პრობლემას, იმ პირობებში, როდესაც ვერ დასახელდა მაგალითი, რატომ ქმნიდა ამ ორი ფუნქციის არსებობა პრობლემას, მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ამ სამსახურის გაყოფა მოხდა, რადგან ამ ორმა ფუნქციამ უკეთესად იმუშაოს. ამას ემატება ისიც, რომ არც ერთი ახალი ბერკეტი, არც ერთი ახალი მექანიზმი სამსახურს არ ემატება, რომელიც ახლა იქმნება, ეს სამსახური არაფრით არ ძლიერდება იმაზე მეტად, ვიდრე იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამიტომ, ეს ყველა ფაქტორი მე მაფიქრებინებს, რომ ეს რეფორმა რეალურად არ ემსახურება ამ სამსახურების გაძლიერებას. ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლის მიზანს, ეს მიზანი პრინციპში მიღწეულია, რადგან პირველი მარტიდან კანონის საფუძველზე მე აღარ ვარ სახელმწიფო ინსპექტორი. ეს სამსახური იყო რეალურად დამოუკიდებელი, იღებდა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ყალიბდებოდა ზუსტად ისეთ სამსახურად, როგორი მოლოდინიც საზოგადოებაში იყო“, – განაცხადა თოლორაიამ.