სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური აღჭურვილობა გადაეცა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური აღჭურვილობა გადაეცა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის და დასავლეთის სამმართველოებში დასაქმებულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში.
„ექსპერტ-კრიმინალისტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის ტექნიკით აღჭურვა ზრდის გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობებს, რაც გამოძიების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
გადაცემული აღჭურვილობა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აქტიურად იქნება გამოყენებული – დანაშაულის ჩადენის შედეგად დატოვებული სხვადასხვა სახის კვალის აღმოჩენის პროცესში, პირისაგან დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური შესადარებელი ნიმუშების აღების დროს, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად სროლის ტრაექტორიის და გასროლის კუთხის განსასაზღვრად.
კრიმინალისტიკური აღჭურვილობის გადაცემის პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე – გიორგი გამეზარდაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე – სოფიო ჯიაძე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში – ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიცერი – ბესარიონ ბოხაშვილი და სამსახურის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს გაწეული მხარდაჭერისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თანამედროვე სტანდარტების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.