სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ, არის უპასუხისმგებლო კომენტარი
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ, არის მისი კიდევ ერთი უპასუხისმგებლო კომენტარი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„მე ვიტყვი, რომ ეს არის ლუკაშენკოს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო კომენტარი. ერთადერთი, რასაც გავიმეორებ, როგორც სხვა საკითხებზე ვიმეორებ, არის ის, რომ შეერთებული შტატები დაიცავს ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – ამბობს მილერი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ასევე აცხადებს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომლის განზრახვაც მეზობელ ტერიტორიაზე შეჭრაა, არის რუსეთი და არა პოლონეთი, ხოლო ალიანსი პოლონეთთან ერთად ძლიერია.
რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ. მისი თქმით, „ვაგნერელები“ მათ „ძაბავენ“, რადგან დასავლეთით „ექსკურსიაზე“ წასვლა სურთ.