ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას  განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ
ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას  განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ.

მისი თქმით, „ვაგნერელები“ მათ „ძაბავენ“, რადგან დასავლეთით „ექსკურსიაზე“ წასვლა სურთ.

„შეიძლება, არ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიტყვი. „ვაგნერელებმა“ ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. „დასავლეთით გვინდა. ნება დაგვრთეთ“. ვეუბნები, რა გინდათ დასავლეთში? „ვარშავაში, ჟეშუვში ექსკურსიაზე წასვლა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.

ლუკაშენკოს თქმით, შეთანხმების თანახმად, მას კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში ჰყავს განთავსებული და მათი დასავლეთში გადაყვანა არ სურს.

„როგორც შევთანხმდით, მე ისინი მყავს ბელარუსის ცენტრში, არ მინდა მათი იქ გადაყვანა, რადგან ცუდი განწყობები აქვთ. უნდა აღნიშნოს, რომ მათ იციან, რა ხდება სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა რუკა, სადაც თითქოსდა ასახულია პოლონეთის სამხედრო დანაყოფების ბელარუსის საზღვრებთან განთავსება. ლუკაშენკოს მტკიცებით, პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბრესტთან და გროდნოსთან არიან დისლოცირებული.