სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ენტონი ბლინკენმა და პეტრ პაველმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმნაციით, მხარეებმა აშშ-ჩეხეთის ორმხივი ურთიერთობები განიხილეს.
„მდივანმა ბლინკენმა შეაქო ჩეხეთი უკრაინის თავდაცვისთვის საბრძოლო მასალის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და უკრაინელი ლტოლვილების მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე ენტონი ბლინკენი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავკისაც შეხვდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
„ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია აგრესიის პრევენცია, შეკავება, როცა ერთიანები ვართ, როცა ერთად ვმუშაობთ. ჩვენი ალიანსის ფუნდამენტური წინაპირობა, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე, უგზავნის ყველაზე მკაფიო გზავნილს სავარაუდო აგრესორებს, რომ თუ ისინი თავს დაესხმებიან ერთ ჩვენგანს, მათ მოუწევთ ყველა ჩვენგანთან ბრძოლა. ეს არის სინამდვილეში ყველაზე ძლიერი გზა, ყველაზე ეფექტური გზა აგრესიის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ბლინკენმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრაღაში ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რათა განიხილონ ნატოს მომავალი სამიტის პრიორიტეტები, რომელიც ივლისში გაიმართება.