საქართველოს პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირების გამოვლენას, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის (INCSR) 2021 წლის ანგარიშში, რომელიც ფულის გათეთრებასთან ბრძოლას ეხება.
„2020 წლის ივნისში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა და ფინანსური გამოძიების განყოფილებამ მიიღო ახალი რეგულაციები, რათა განისაზღვროს საქართველოს სამომავლო ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა. სამართალდამცველებმა გამოიყენეს მონიტორინგის მექანიზმები, რომლებიც გასულ წლებში შეიქმნა, რათა გამოევლინათ კავშირი ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის. უკანონო შემოსავლების დიდი ნაწილი საქართველოში საბანკო თაღლითობასა და კიბერდანაშაულზე მოდის. კრიპტოვალუტები საქართველოში დარეგულირებული არ არის და სათამაშო ბიზნესთან ერთად, წარმოადგენს იმ საკითხს, რომელიც გადაჭრას საჭიროებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ფულის გათეთრების მსურველთათვის.
„ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომელიც ზრდის საქართველოს მიმზიდველობას სუფთა ინვესტიციებისთვის, ასევე წარმოადგენს საშულებას, რომლითაც ფინანსურ სისტემაში უკანონოდ მოპოვებული ფული ხვდება. ფულის გათეთრების საფრთხეს ზრდის ისიც, რომ კრიპტოვალუტა საქართველოში არ არის დარეგულირებული. გასულ წლებში დამკვიდრებული მონიტორინგის მექანიზმებით პროკურატურამ დაადგინა კავშირი ნარკოტიკებს, ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის. შემაშფოთებელია ასევე სათამაშო ინდუსტრიის უკონტროლო ზრდა, მათ შორის, ინტერენტთამაშები“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 449 ლატარეა და სხვა სათამაშო ბიზნესია რეგისტრირებული. ასევე, 34 სამორინე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სათამაშო ბიზნესს მონიტორინგს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უწევს. ამასთან, ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობს „ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ადეკვატური, ლეგალური და ინსტიტუციური ჩარჩო“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბიტკოინი და სხვა ვირტუალური ვალუტები.
„საქართველო ვირტუალური ვალუტის მოპოვების (მაინინგი) პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. ამასთან, საქართველოში არ არის კიბერდანაშაულების გამოცდილი ლაბორატორია და ჰყავს მხოლოდ რამდენიმე კვალიფიციური ციფრული კრიმინალისტიკის ანალიტიკოსი. აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა, რათა ამ სფეროში შესაძლებლობები გაიზარდოს და ასევე, გაუმჯობესდეს კანონმდებლობა ციფრულ მტკიცებულებათა მოპოვებისა და ანალიზისთვის. საქართველოს პროკურატურამ ახლახანს ჩამოაყალიბა კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტი და ის უკვე მუშაობს კრიპტოვალუტების ამოსაღებად საჭირო ინსტრუქციების შემუშავებაზე, რომელსაც სამართალდამცველები გამოიყენებენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ 2018 წელთან შედარებით, საქართველოს სათამაშო ბიზნესმა გაცილებით მეტი საეჭვო ტრანზაქცია გამოავლინა.
„ეს განპირობებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, რომელმაც სათამაშო ბიზნესში მონიტორინგის დეპარტამენტები აამუშავა და აამოქმედა ცნობიერების ამაღლების პროგრამები. თუმცა, მიუხედავად ამისა, სათამაშო ბიზნესის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების რაოდებობა მაინც საეჭვოდ მცირეა, რაც შეიძლება, მიუთითებდეს, რომ სათამაშო ინდუსტრია სრულად არ არის რეგულაციებთან შესაბამისობაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ 2019 წლის შეფასებით, საქართველოში ფულის გათეთრების რისკები საშუალოდ არის შეფასებული, ხოლო ტერორიზმის დაფინანსების საფრთხეები დაბალ ნიშნულზეა.
„საქართველოს პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის კავშირების გამოვლენას. პროკურატურამ ახლახანს გამოიყენა ახალი პროგრამა, რომელიც ეხმარება მათ ფულის გათეთრების რისკების აღმოჩენასა და აღმოფხვრაში. საქართველომ ასევე უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო სფეროში მეთვალყურეობისა და რეგულირების გაუმჯობესებისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხევდით, საქართველო პროკურატურა იშვიათად აკავშირებს ერთმანთთან ნარკოტიკების გადაზიდვასა და ფულის გათეთრებას.
„მიუხედავად ამისა, 2020 წელს იყო რამდენიმე წარმატებული საქმე, რომელიც ფულის გათეთრებას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასა და სხვა ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდებოდა და სოლიდურ თანხებს ეხებოდა, თუმცა, საერთო ჯამში, ფულის გათეთრების საქმეების რაოდებობა დაბალია“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2020 ფისკალურ წელს ფულის გათეთრების 36 შემთხვევაზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, მაშინ როდესაც 2019-ში ასეთი საქმეების რაოდენობა 25 იყო. 2020 წელს ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნეს ორი ადამიანი.
„პროკურატურაში ასეთი დაბალი მაჩვენებლების მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემიას ასახელებენ, რის გამოც სასამართლო პროცესები გადაიდო. საეჭვო ტრანზაქციების ანგარიშები მაინც რჩება ფულის გათეთრების გამოძიების მთავარ წყაროდ. საქართველომ უნდა გაზარდოს პარალელური გამოძიებების ეფექტიანობა და უფრო ეფექტიანად გამოიყენოს კონფისკაციის შესახებ კანონმდებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში.