სახელმწიფო დეპარტამენტი - სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვი მიიღებს მასშტაბურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას განიხილავს.
სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა ღია რჩება, თუმცა ეს მოსკოვისგან მოითხოვს დეესკალაციას და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართვას. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუკი მოსკოვი დაადგება აგრესიის გზას და უკრაინაში შეიჭრება, შედეგად მიიღებს მტკიცე, მასშტაბურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.