სახელმწიფო დეპარტამენტი ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ო’ბრაიენი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.
„ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, თავად ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას“, – წერს ო’ბრაიენი.