სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სანდო და ნამდვილი დეესკალაცია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა, გააგრძელოს კრიზისიდან გამოსასვლელად დიპლომატიური გზის მხარდაჭერა.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში შეიჭრას უკრაინაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა სანდო და ნამდვილი დეესკალაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ამერიკისა და ნატო-ს მიერ გაგზავნილ წერილებზე რუსეთისგან წერილობით პასუხს ელოდება.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ტრანსატლანტიკური პასუხი იქნება უმკაცრესი, ერთიანი და სწრაფი, ამერიკა კრიზისიდან გამოსვლისთვის დიპლომატიური გზის ერთგული რჩება.