სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენმა ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეშფოთება გამოთქვა ლიბანის სამხრეთ საზღვართან დაძაბულობის გამო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნაჯიბ მიქატისთან. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბლინკენი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ლიბანელი ხალხის ინტერესების დაცვა, რადგან ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად წამოჭრილ კონფლიქტში ლიბანის ჩათრევა გავლენას მოახდენს მათზე.
სახელმწიფო მდივანმა მხარდაჭერა გამოხატა ლიბანელი ხალხისადმი და შეშფოთება გამოთქვა ლიბანის სამხრეთ საზღვართან დაძაბულობის გამო.
„ბლინკენმა მიუსამძიმრა ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ კონფლიქტს, ხაზი გაუსვა აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას ლიბანის შეიარაღებული ძალებისა და შიდა უსაფრთხოების ძალების მიმართ, რაც არის ლიბანის სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი ლეგიტიმური გარანტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის სამხედროებმა ორი დღის გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს ლიბანის საზღვართან. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმები განხორციელდა ისრაელში სროლის საპასუხოდ. მოგვიანებით კი, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კირიატ შმონას მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა.