სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიემგზავრებიან, დატყვევების ან სიკვდილის რეალური რისკის წინაშე იმყოფებიან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებიან ბრძოლებში მონაწილეობის მიზნით, დატყვევების ან სიკვდილის რეალური რისკის წინაშე იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„უკრაინელები აჩვენებენ საკუთარ სიმამაცეს და გმირობას აგრესორის წინააღმდეგ. თავდაცვისთვის ისინი იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს და ყველა ბერკეტს და რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას უსაფრთხოების კუთხით დახმარების საკითხში. ამავდროულად, ჩვენი რეკომენდაციები რჩება იგივე, აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ უკრაინაში. აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებიან, განსაკუთრებით იქ ბრძოლაში მონაწილეობის მიზნით, მნიშვნელოვანი რისკების წინაშე არიან, მათ შორის დატყვევების ან სიკვდილის ძალიან რეალური რისკის წინაშე. აშშ-ს, როგორც იცით, არ შეუძლია დახმარება გაუწიოს აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინიდან ევაკუაციაში, მათ შორის იმ ამერიკელებს, რომლებმაც უკრაინაში გამგზავრება შესაძლოა, მიმდინარე ომში მონაწილეობის მისაღებად გადაწყვიტონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში მებრძოლ უცხოეთის მოქალაქეებს მოეპყრობა როგორც, „დაქირავებულებს“ და არა როგორც კანონით განსაზღვრულ მებრძოლებს თუ სამხედრო ტყვეებს.
ამასთან, ნედ პრაისი განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა უსაფრთხო, კონსტრუქციული და ჰუმანიტარული საქმიანობებით შეუძლიათ.
„კვლავ მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, არ გაემგზავრონ უკრაინაში. მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ თავიანთი ენერგია უსაფრთხო, კონსტრუქციული, მოხალისეობრივი ან სამოქალაქო საზოგადოების აქტივობების განსახორციელებლად. ჩვენ მივესალმებით ყველა ამერიკელს, ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში, რომლებიც თავიანთი უნარებით, თავიანთი ენერგიით, თავიანთი რესურსებით ეხმარებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მნიშვნელოვან მისიას აშშ-ში და მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა ნედ პრაისმა.