სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, რუსეთისთვის ყველა სახის დახმარებას წყვეტს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, რუსეთისთვის ყველა სახის დახმარებას წყვეტს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსეთის მიერ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციების დაწესებას ეხება.
განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ აშშ წყვეტს რუსეთისთვის ყველა სახის შეიარაღების ექსპორტს და წყვეტს რუსეთის მონაწილეობით სამხედრო დაფინანსების ნებისმიერ პროგრამას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი რუსეთს უარს ეტყვის ნებისმიერი სახის კრედიტსა და ფინანსურის გარანტიების გაცემაზე, ასევე შეწყვეტს სხვა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები ძალაში მინიმუმ ერთი წელი იქნება. შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც რუსეთი დაადასტურებს, რომ ის არ გამოიყენებს სასიკვდილო ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე შეწყვეტს მსგავსი იარაღის დამზადებას, გამოთქვამს მზადყოფნას დაუშვას გაერო-ს ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული მიუკერძოებელი დამკვირვებლების ინსპექცია და კომპენსაციას გადაუხდის ყველას, ვის წინააღმდეგაც უკანონოდ გამოიყენა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო აშშ-მა დღეს შეზღუდვები დააწესა შვიდი რუსი მაღალჩინოსნისა და 14 იურიდიული პირის წინააღმდეგ. ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა ევროკავშირმაც.