სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიმართება
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი გაიმართება

5-6 მაისს ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი გაიმართება.

დღეს, 14:00 საათზე ფორუმს გახსნიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.

ფორუმის ინიციატორი და მასპინძელი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია. ღონისძიების მონაწილეები ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა რეგიონული უთანაბრობა, დეცენტრალიზაციის რეფორმა, ინსტიტუციური დიალოგი და მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების ფორმირება და გაძლიერება.

ფორუმში მონაწილე მერები მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებენ და თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარ ხედვას წარმოადგენენ.

ფორუმის მხარდამჭერები არიან გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.