სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში დღეს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართება. საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართება. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საღამოზე შესრულდება დიდი მაესტროს უკვდავი მელოდიები.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, Georgian Six.
წლევანდელი თბილისობა მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.
საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია დღეს, 20:00 საათზე არის დაგეგმილი.