სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას ხვდება
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას ამ წუთებში მასპინძლობს. დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ პირისპირ ფორმატში ხვდებიან ერთმანეთს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი უკვე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებს. ამის შემდეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრა და მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8 სამმხრივი შეხვედრა წარმოადგენს ტრადიციულ შეხვედრას სამმხრივ ფორმატში და მიმდინარე წელს, რიგითობის შესაბამისად, მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს.
სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს ინიცირებული თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში შეხვედრები იმართება როგორც სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელების, ასევე უმაღლეს – პრეზიდენტების დონეზე. მიმდინარე წელს დაგეგმილ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის სამოქმედო გეგმას 2020-2022 წლებისთვის, რის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტული ქმედებები.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.