განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების პროცესი დაიწყო, რომელიც პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმძღვანელოების ნაწილს მინისტრის 24 ივლისის ბრძანებით გრიფი უკვე მიენიჭა, ამ ეტაპზე კი გრძელდება გრიფირების განხილვა იმ საგნებში, რომელიც წელს პირველად ინერგება, ესენია „მე და საზოგადოება“, „ჩემი საქართველო“. აღნიშნული სახელმძღვანელოები სკოლაში დადგენილ ვადებში, თხუთმეტ სექტემბრამდე შევა.
ამასთან დაკავშირებით სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე განმარტებას აკეთებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ კითხვებზე, რომელიც გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს, სამინისტროს შეფასების სრულიად გამჭვირვალე პროცესი და პროფესიონალთა შეჯერებული შეფასებები აქვს პასუხად.
„1. ხელი მოეწერა სახელმძღვანელოების პირველი ნაწილისათვის გრიფის მინიჭების ბრძანებას.
2. ბრძანების ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალეტაპიანი პროცესი, რომელიც ქართულ რეალობაში პირველად განხორციელდა:
ყველა სახელმძღვანელო, დარგის სპეციალისტების გარდა, შეფასდა ფსიქოლოგებისა და ფილოლოგების მიერ. ამ შეფასებების შედეგად შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. რეფერირების პროცესში კარგად გამოჩნდა მანამდე გრიფირებული სახელმძღვანელოების პრობლემებიც;
ჩატარდა ინტენსიური საჯარო განხილვები, რომლის დროსაც სამინისტრომ საინტერესო შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებს მიეცა შესაძლებლობა, გრიფირებული სახელმძღვანელოები პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინა და არ შეერჩია მათ შორის მხოლოდ ერთი. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, გამოჩნდეს რეცენზირების შედეგების კორელაცია სკოლების არჩევანთან.
მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა კიდევ ერთი, მეორე დონის კომისია, რომელმაც დამატებით განიხილა სარეცენზიო ჯგუფების დასკვნები და წარმოადგინა კონკრეტული მოსაზრებები რეკომენდაციის სახით.
4. საერთო ჯამში 200-მდე სპეციალისტის მონაწილეობით დადგა ის შედეგი, რომელიც ბრძანებაში აისახა.
5. ბუნებრივია, კონკურსი თავისთავად გულისხმობს, რომ წარმოდგენილ სახელმძღვანელოთაგან მხოლოდ საუკეთესოებს მიენიჭება გრიფი. ამ მხრივ სამინისტროს ამოსავალ წერტილს საზოგადოების დაკვეთა წარმოადგენდა, რომ I-VI კლასის მოსწავლეებმა მაღალი სტანდარტის შესაბამისი სახელმძღვანელოებით ისწავლონ.
6. სახელმძღვანელოების მხოლოდ ნაწილის გრიფირების გამო რომ არ წარმოიშვას არასწორი ვარაუდები, სამინისტრო განმარტავს: რამდენიმე საგანში გრიფირებამ ვერ გამოავლინა საჭიროების შესაბამისი სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნებში „მე და საზოგადოება“ და „ჩემი საქართველო“ იყოს ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. ამიტომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება.
7. ელექტრონული სკოლის კონტექსტში ცხადი გახდა, რომ ისტ-ში წარმოდგენილი სახელმძღვანელოები კონცეპტუალურად შეუსაბამოა თანამედროვე მოთხოვნებთან, ამიტომ ამ მიმართულებით სამინისტრო განმეორებით კონკურსს გამოაცხადებს.
8. არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დაგეგმილია საკმაოდ დიდი სამუშაოს ჩატარება, რომელიც საუკეთესო წიგნების ადაპტაციასა და სასწავლო პროცესში ინტეგრაციას მოიცავს. არაქართული სკოლების პედაგოგების აქტიური ჩართულობით სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები ეტაპობრივად დაინერგება“,-ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებებში.
შეგახსენებთ, გუშინ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გრიფირების პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხარვეზების შესწავლა უკვე დაწყებულია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სკოლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.