სახელგანთქმული არესიბოს ტელესკოპი აღარ არსებობს, ჩაინგრა — #1tvმეცნიერება
პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს სახელგანთქმული ტელესკოპი, რომელიც ერთ დროს ჯეიმს ბონდის ფილმშიც არის გადაღებული, ჩამოინგრა; 900-ტონიანი რესივერის პლატფორმა რადიოთეფშს 140 მეტრის სიმაღლიდან დაეცა.
უზარმაზარი სტრუქტურის სიძველეზე ინჟინრები ბოლო დროს უკვე ღიად გამოთქვამდნენ შეშფოთებას და შედეგად, აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (NSF), რომლის მფლობელობაშიც იყო ეს ტელესკოპი, გასულ თვეში განაცხადა, რომ ტელესკოპს დაშლიდა.
ცოტა ხნის წინ დაიბზარა ორი კაბელი, რომელსაც 300-მეტრიანი თეფშის თავზე რესივერის პლატფორმა ეკავა; ამჯერად, კაბელები გაწყდა და პლატფორმაც ჩავარდა, თეფშს დაეცა.
NSF-ის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ეს ტელესკოპი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იყო და 1960-იანი წლებიდან დღემდე, უამრავი ასტრონომიული აღმოჩენა უკავშირდება.
ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმის, „ოქროს თვალის“ ერთი სცენა სწორედ არესიბოს ტელესკოპთან ვითარდება, როდესაც პირს ბროსნანი თეფშის თავზე დადის. გარდა ამისა, ფილმში „კონტაქტი“, ჯოდი ფოსტერის პერსონაჟი ასტრონომი ამ ტელესკოპს უცხოპლანეტელთა სიგნალების საძებნელად იყენებს.
„სევდიანი დღე ასტრონომიისთვის“
პუერტო-რიკოს უნივერსიტეტის პლანეტური სიცოცხლისუნარიანობის ლაბორატორიის დირექტორის, აბელ მენდესის განცხადებით, პლატფორმა ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე ჩაინგრა და ამ ფაქტს ის „სრულ კატასტროფას“ უწოდებს.
„ამ ობსერვატორიაში ასტრონომიას მრავალ სტუდენტს ვასწავლით; ისინი ჩემს მსგავსად არიან შთაგონებული, რომ კარიერა მეცნიერებასა და ასტრონომიაში გაიკეთონ. არესიბოს ტელესკოპის დაკარგვა უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ განსაკუთრებით პუერტო-რიკოსთვის, ის ხომ ჩვენი კუნძულის სიმბოლო იყო“, — ამბობს მენდესი.
ტელესკოპი 57 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2020 წლის აგვისტომდე; მეცნიერები მოითხოვდნენ, რომ NSF-ის მისი დახურვის გადაწყვეტილება შეეცვალა.
აგვისტოში, ერთ-ერთი ანძის ბუდიდან დამხმარე კაბელი ამოვარდა, თეფშს დაეცა და 30-მეტრიანი ჭრილობა დატოვა.
ინჟინრები პრობლემის შეფასებასა და ტელესკოპის შეკეთებაზე მუშაობდნენ, როდესაც 6 ნოემბერს, იმავე ანძაზე მიერთებული ძირითადი კაბელიც გაიბზარა.
ამის შემდეგ, ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ტელესკოპის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რათა თავიდან აეცილებინა მისი მოულოდნელი კოლაფსი.
ტელესკოპის მრავალ წარმატებას შორის არის 1992 წელს პირველი ეგზოპლანეტის, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტის აღმოჩენა; 1981 წელს კი მისი დახმარებით ასტრონომებმა შეადგინეს ვენერას ზედაპირის პირველი რადარული რუკა.
როგორც ობსერვატორიის ვებგვერდი წერს, „ტელესკოპი წამყვანი იყო მსოფლიო რადიოასტრონომიაში, მზის სისტემის რადარულ და ატმოსფერულ ფიზიკაში, გვაწვდიდა ძლიერ სანდო მონაცემებს, რომლებითაც მეცნიერებაში არაერთი აღმოჩენა, ინოვაცია და მიღწევა მოხდა“.
„რა სევდიანი დღეა ასტრონომიის, პლანეტური მეცნიერებისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ტელესკოპისთვის“, — წერს NASA-ს სამეცნიერო მისიათა ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.