სახანძრო უსაფრთხოებაზე კანონით განსაზღვრული შენობების შემოწმება დღეს იწყება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.
სპეციალისტები შემოწმებას სამ ეტაპად ჩაატარებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი მონიტორინგის დროს სამსახური შეამოწმებს, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები. მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე არავინ დაჯარიმდება და სპეციალისტები მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემენ.
„მხოლოდ იმ შემთხვევაში ავამოქმედებთ სანქციებს, თუ დავინახავთ, რომ შენობა-ნაგებობების მფლობელები ჩვენს სპეციალისტებთან კონსტრუქციულ რეჟიმში არ ითანამშრომლებენ და არ გამოასწორებენ ხარვეზებს. ვართ კონსტრუქციულები ამ შემოწმების პროცესში. თვითმიზანი არ არის შევიდეთ და დავწეროთ ჯარიმები. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც დაიცავს მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
მისი განმარტებით, ახალი რეგულაციით შემოწმებას დაექვემდებარა სასტუმროები, მცირე ზომისა და საოჯახო ტიპის სასტუმროები და ასევე მცირე ზომის შენობა-ნაგებობები.