სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი დაასახელა. ამის შესახებ ლომჯარიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ზვიად დევდარიანი ის კანდიდატია, ვინც გამოწვევებს თავს წარმატებით გაართმევს.

მისი თქმით, დევდარიანის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი გამოცდილება, გასაუბრების შედეგი, პრინციპულობა და კომპეტენცია იყო.

„მიმაჩნია, რომ შესარჩევმა კონკურსმა გამოავლინა ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რაც ყველა იმ ორგანოს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაასახელოს მეურვეობის კანდიდატი, უქმნის შესაძლებლობას, დასახელდეს ღირსეული, კრიტიკული, კომპეტენტური კადრები და შესაბამისად, ჩემთვისაც არ იყო მარტივი ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს, გავითვალისწინე ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი და სამეურვეო საბჭო დგას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ისმოდეს კრიტიკული ხმა სამეურვეო საბჭოში, რომელიც შეძლებს, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საჭიროა, რომ მეურვის მეშვეობით, საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია შექმნილი ხარვეზების შესახებ, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.

აღნიშნული მოვალეობის შესრულებას სჭირდება არა მარტო დამოუკიდებლობა, ენთუზიაზმი, არამედ შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება. აი ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ზვიად დევდარიანი არის კანდიდატი, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით გაართმევს თავს აღნიშნულ გამოწვევებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ზვიად დევდარიანი ერთ-ერთია იმ 12 კანდიდატს შორის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. 

საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიოს.