სახალხო დამცველი - ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ან არასრულყოფილად ჩატარდა
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ან არასრულყოფილად არის ჩატარებული.
ომბუდსმენი პირველი პრეზიდენტის საქმეს 2018 წლის წლიურ ანგარიშში მიმოიხილავს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა შეისწავლა და შედეგები საზოგადოებას წარუდგინა.
ომბუდსმენის ცნობით, საქმის სრული მასალები მოიცავდა 1994 წლის 5 იანვარს დაწყებული გამოძიების დღიდან 2018 წლის ნოემბრამდე მიმდინარე გამოძიებას, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შედეგებსაც.
„საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
ყურადსაღებია ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად/დასადგენად“, – ნათქვამია დოკუმენტში.