სახალხო დამცველი საგამონაკლისო წესით დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ ეთანხმება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალი წესის შემუშავებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას არ ეთანხმება.
ლომჯარიას აზრით, გამონაკლისის სახით ვინმეს პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ წმინდა სინოდმა მიიღო პრეზიდენტთან შუამდგომლობის გადაწყვეტილება.
ამასთან, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტს მოუწოდა, დროულად შეიმუშაოს შეწყალების კრიტერიუმები, რადგან დეკანოზი გიორგი მამალაძე და სხვა პატიმრები დიდი ხანია, ელოდებიან მის გადაწყვეტილებას.
„გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან დავაფიქსირე პოზიცია, როდესაც ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. ჩემი ერთი ხმა მივეცი მის შეწყალებას და მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი პატიმარი უკვე წელიწადია, ელოდება, დადგინდეს ეს კრიტერიუმები, ისინი ელოდებიან შეწყალების პროცედურას, გამონაკლისის სახით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად ჩამოაყალიბოს და შეიმუშავოს შეწყალების პროცედურები და კრიტერიუმები, ამ ჭრილში განიხილოს არა მხოლოდ მამალაძის, არამედ სხვა იმ პირთა შეწყალების საკითხები, რომლებიც ელოდებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ლომჯარიამ.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.