საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ამ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალისტული მედიაგარემოს დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხი.
„სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსათვის წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში. როგორც სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სამწუხაროდ, გარკვეული პროცედურული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედიაგარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია; თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნებაზე და ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მითითებული მუხლების დარღვევას.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.
ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა, რაც საჯარო რეესტრმაც დაარეგისტრირა.