სახალხო დამცველი ნახევრად ღია პენიტენციურ დაწესებულებებში პრევენციის ეროვნულ მექანიზმს დროებით აჩერებს
სახალხო დამცველი ნახევრად ღია პენიტენციურ დაწესებულებებში პრევენციის ეროვნულ მექანიზმს დროებით აჩერებს. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლების მიმართ უსაფრთხოების საკითხები არ არის დაცული. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც 2020 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.
ამასთან, ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საკითხი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა.
ნინო ლომჯარიას თქმით, იქამდე, ვიდრე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არ ექნებათ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტების დაუბრკოლებლად განხორციელების საშუალება, ვიზიტს წყვეტს და აღნიშნავს, რომ განიხილავს ალტერნატიულ მექანიზმებს.
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი მოვლენები და ძალიან სწორად არის შეფასებული პროცესები. იქ ნათქვამია და მეც ვეთანხმები, რომ სწორედ იუსტიციის მაშინდელი მინისტრის მხრიდან საჯარო თავდასხმებს მოჰყვა ის, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ნამდვილად გაურთულდათ მუშაობა ციხეებში.
პანდემიის მიუხედავად, ჩვენ გავზარდეთ ვიზიტები პენიტენციურ დაწესებულებებში და მოვინახულეთ ყველაზე მეტი პატიმარი. ვმუშაობდით ძალიან მძიმე პირობებში, რადგან შემოდგომაზეც და ზამთრის პერიოდშიც ადგილი ჰქონდა არაერთ შემთხვევას, როდესაც პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ვფიქრობთ, რომ კოორდინაციაში არიან ციხის ადმინისტრაციასთან, სიტყვიერად თავს ესხმოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, აიძულებდნენ, დაეტოვებინათ ციხის ტერიტორია და ემუქრებოდნენ მათ. ვითარება იმდენად გამწვავდა, ეს ხდებოდა ძალიან ორგანიზებულად და ერთდროულად სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ შორის დახურული ტიპის დაწესებულებაშიც, რომ სახალხო დამცველმა იანვრის შემდეგ შეაჩერა მონიტორინგის ვიზიტები ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ინდივიდუალურ ვიზიტებს. როდესაც პატიმარს უნდა, რომ მოვინახულოთ, მივდივართ და ვხვდებით, თუმცა სახალხო დამცველმა ისტორიაში პირველად შეაჩერა პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში იმის გამო, რომ უსაფრთხოების საკითხები ომბუდსმენის წარმომადგენლების მიმართ არ არის დაცული. ჩვენ ვერ დავინახეთ მხარდაჭერა ვერც ციხის ადმინისტრაციის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების, თუ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ჩვენ ვერ მივიღეთ გარანტიები, რომ მომავალში სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეძლებენ, დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ იმუშაონ, ამიტომ იქამდე, ვიდრე ეს გარემოებები არ შეიქმნება, ჩვენ დროებით ვაჩერებთ ამ ვიზიტებს და ასევე ვფიქრობთ ალტერნატიულ მექანიზმებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გარდა ამისა, ლომჯარიას თქმით, ხშირად ეკითხებიან, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, სად არის ფაქტები, რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა არსებობს. სახალხო დამცველის თქმით, ამ მიზნით, შეისწავლეს რვა საქმე, რომელიც ემყარება 2013-2020 მომხდარ ფაქტებს და პატიმრებმა თავად მიმართეს პროკურატურას, რომ ისინი კრიმინალური სუბკულტურის მსხვერპლნი არიან.
„ამ საქმეებში ძალიან ბევრი პატიმარი, ციხის უფროსიც კი ადასტურებს, რომ არსებობენ გავლენიანი პატიმრები, რომლებიც ადასტურებენ მათთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი ჩვენებებისა, არ ხდება სათანადო გამოძიება და რეაგირება, პროკურატურა კი, მისი თქმით, უმეტესწილად გამოძიებას წყვეტს.