იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას ნინო ლომჯარია არ დაესწრება. სხდომას არც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი არ დაესწრება. მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი საკომიტეტო განხილვებია, სადაც ნინო ლომჯარია ანგარიშით უნდა წარდგეს. ამის შესახებ პირველს არხს ომბუდსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის განხილვაა ჩანიშნული. დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
აღნიშნული ანგარიშის განხილვა გასული კვირის დღის წესრიგითაც იყო გათვალისწინებული, თუმცა სახალხო დამცველის სხდომაზე არყოფნის გამო გადაიდო. საბჭოს წევრებმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს საკითხზე მომხსენებლის, ნინო გვენეტაძისგან. სწორედ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთა არყოფნა გახდა წინა სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.
ჯერ უცნობია, გადაიდება თუ არა საკითხის განხილვა დღესაც.
გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სულ 10 საკითხს განიხილავენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.