„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს”ოფისში, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ინიციატორი ომბუდსმენია, რომელმაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო სახალხო დამცველის მომავალი წლის ანგარიშს და იმ საკითხებს, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ნინო ლომჯარიამ დოკუმენტზე მუშაობისას.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, ადამიანის უფლებებსა და სხვა მიმდინარე საკითხებს.
„დღევანდელი შეხვედრა პრაქტიკულად, პირველი შეხვედრაა სახალხო დამცველთან ასეთ ფართო ფორმატში. ბუნებრივია, მასთან გვაქვს გარკვეული ურთიერთობა, მაგრამ აქამდე არ გვქონია შანსი, ერთობლივად გვესაუბრა, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს გასული წლის შესახებ მოსამზადებელ ანგარიშში, ზოგადად რა არის ეს პრიორიტეტები, რაზეც ორგანიზაციები მუშაობენ და რაც უნდა იქნას გათვალისწინებული სახალხო დამცველის საქმიანობაში და მისგანაც ვისმენთ მის ხედვებს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, მათი მხრიდან საუბარი ძირითადად სასამართლო სისტემას შეეხო.
„მოკლედ იყო საუბარი იმაზე, თუ რა პრიორიტეტები ექნება სახალხო დამცველის აპარატს, ასევე რა ინსტიტუციურ რეფორმას ჩაატარებს და როდის. სახალხო დამცველს აინტერესებდა ის პრიორიტეტები, რომელიც გააჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ის პრობლემატური საკითხები, რომელიც ჩვენ გვხვდება იმ სფეროებში,სადაც ვმუშაობთ. ჩვენ ვსაუბრობდით სასამართლო რეფორმაზე და იმაზე, რომ სასამართლოს შესახებ საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდეს სახალხო დამცველი“, – განმარტა ეკა გიგაურმა.